რუსეთი უკრაინის დაბომბვას განაგრძობს
რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობს. საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ორი ქალაქი - მირნოგრადი და პაკროვსკი დაბომბეს. სამიზნეში მოექცა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დასახლებული რაიონები. არის მსხვერპლი. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტთან ახლოს, სოფელ ივანოვსკში. იბომბება სუმის ოლქი. ოდესაში კი შაბათს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მათ შორის ხუთი ბავშვია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.
„ეს ომი უიმედო უნდა გახდეს ზუსტად რუსეთისთვის, კონკრეტულად კი ტერორისტებისთვის. მათ მაქსიმალურად უნდა იგრძნონ, რომ არსებობს ძალა, რომელიც ანადგურებს მათ, ვისაც სურს მოსპოს სიცოცხლე. ჩვენ შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა. თითოეულმა პარტნიორმა იცის, რა არის ამისთვის საჭირო. მთავარია პოლიტიკური ნება ყველაფრის განსახორციელებლად.
თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი - თუკი ამერიკა ან ევროპა დამარცხდება ირანულ შაჰიდებთან ან რუს მებრძოლებთან. რუსული ბოროტება არ უნდა წახალისდეს სუსტი გადაწყვეტილებებით, აღჭურვილობის მიწოდების დაგვიანებით ან გაურკვევლობით. ჩვენ ველოდებით იარაღს, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა, ველოდებით, კერძოდ, შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას და ეს მხარდაჭერა ნამდვილად საჭიროა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.