სამართალი
შსს-მ ჟურნალისტების ცემისთვის 8 პირი დააკავა
ხუთ ივლისს, "პრადის" კონტრაქციაზე გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე შსს-მ ადმინისტრაციული წესით 8 პირი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.
„საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე:
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისში მოძრაობა „სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება ასევე სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.
ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.
ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ხუთ ივლისს, რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.
გააზიარეთ :