,,ვრემია“ თავისთავად და მერე სომხეთის ,,ვრემია“ - საიდან იღებს ეთნიკური უმცირესობა ინფორმაციას
14.12.2021
ახალციხიდან 6 კმ-ში მდებარეობს სოფელი წყრუთი, რომელიც ძირითადად სომხური თემით არის დასახლებული. ზღვის დონიდან 1130 მ მდებარე სოფელში 350-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფლის მეურნეობის გარდა, აქ ადგილობრივების შემოსავლის მთავარი წყარო, ხელოსნობა და რუსეთში სამუშაოდ წასული მამაკაცების მიერ გამოგზავნილი თანხაა. ეს ეკონომიკური კავშირი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც სომხური თემი საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისადმი ბევრად კეთილგანწყობილია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა.
73 წლის გევორქ გინოსიანი ძირითადად სომხურ და რუსულ არხებს უყურებს. სახელმწიფო ენა კარგად არ იცის. იხსენებს იმ დროს, როცა სკოლაში ქართულის გაკვეთილი კვირაში მხოლოდ ერთხელ ტარდებოდა. ამბობს, რომ ქართულის ცოდნაზე მოთხოვნა არც მერე გაზრდილა. ენის არცოდნის გამო პრობლემა არასოდეს შექმნია, თუმცა დღეს განსხვავებულად ფიქრობს.
,,საქართველოში როცა ცხოვრობ, უნდა იცოდე ქართული ლაპარაკი. 100%-ით თუ არა, 80-ით მაინც. ჩემი შვილიშვილი მეორე კლასშია, უკვე კარგად ლაპარაკობს, რადგან სხვა საგნებსაც ქართულად სწავლობენ. მე რუსულად იცი“ - ამბობს გევორქ გინოსიანი.
გვერდით მყოფი 90 წლის საიდ გინოსიანი თანასოფლელს სიტყვას უსწორებს ,,იცი არა, ვიცი“. გევორქის მსგავსად, წყრუთში ამბობენ, რომ მათმა უმრავლესობამ იმდენი ქართული იცის, რამდენიც ბაზარში სავაჭროდ ჭირდებათ.
,,ბაზარის ფასები ვიცი, გავყიდე, ვიყიდე და სახლში წამოვედი“ - ამბობს 90 წლის სირანუშ ჩახოიანი.
მოხუცები ამბობენ, რომ მათი ბავშვობის მერე სოფელში ვითარება შეიცვალა, შესაბამისად ახალგაზრდა თაობა სახელმწიფო ენას გაცილებით უკეთ ფლობს, თუმცა მათი უმრავლესობა, რთული ეკონომიკური ვითარების გამო სკოლის დამთავრებისთანავე მშობლიურ სოფელთან ერთად არც თუ იშვიათად ქვეყანასაც ტოვებს. სოფელში კი ძირითადად მოხუცები რჩებიან. სახელმწიფო ენის არ ცოდნის გამო წყრუთელები ინფორმაციას ძირითადად რუსული და სომხური არხებიდან იღებენ.
,,რომელი არხი? რუსულიი და სომხური... რომელი საინფორმაციო? - ,,ვრემია“ თავისთავად და მერე სომხეთის ვრემია ვნახო,“ - ამბობს წყრუთის მცხოვრები, რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა.
,,რუსულ არხებს რომ ვუყურებ, იქაური ხალხი ჩვენთან არის. ნახევარი ნათესაობა რუსეთში მყავს. ვის არ უნდა, რომ კარგად ვიყოთ? მივიდეთ-მოვიდეთ ერთმანეთთან. მთავარია, მთავრობამ დაალაგოს ურთიერთობა. ოკუპაციაც მთავრობების ბრალია. პატარა ერი ვართ და უნდა ვიფიქროთ, რომ იოლად წავიდეთ ერთმანეთთან", - გვეუბნება ხაჩატურ ამბარიანი.
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხიდან, ქართულ ენას თავისუფლად ფლობს მხოლოდ 16 676. სახელმწიფო ენას სრულყოფილად ვერ ფლობს 57 132 ეთნიკური სომეხი. ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული და 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ასახავს.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომ განსაკუთრებით პრობლემაა, ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში იმსჯელეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე 17-მა ორგანიზაციამ განცხადებით საქართველოს მთავრობას მიმართა.
,,სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და არ აპირებს მის გაკეთებას. ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი), აქ მცხოვრები, მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად, მათი ნაწილისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ კვლავს რუსულენოვანი არხები რჩება და ხშირად, თავისდაუნებურად ექცევიან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ (არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის ნაწილი, უფრო მეტ ნდობას უცხადებს რუსეთში წარმოებულ ვაქცინას, ვიდრე, მსოფლიო ჯანმოს მიერ აღიარებულ სხვა ვაქცინებს) მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის თანაბრად მიწოდება“ - წერია განცხადებაში.
ის ფაქტი, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, კარგად იციან მეზობელ სახელმწიფოში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის დეზინფორმაცია და პროპაგანდის შემცველი მასალები ხშირად ვრცელდება.
მედიის განვითარების ფონდი 2014 წლიდან ანტიდასავლური პროპაგანდის მონიტორინგს ახორციელებს. ანგარიშში, რომელიც 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ მონიტორინგის პერიოდში გაიზარდა გზავნილები ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ.
,,ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, 2020 წელს კრემლი და მასთან დაკავშირებული აქტორები თავდასხმით სტრატეგიასთან ერთად თავდაცვით კომუნიკაციაზე გადავიდნენ, რაც თავის მხრივ, „დასავლეთის მხრიდან რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების შედეგია“.
მედიის განვითარების ფონდის მსგავსად, ,,დაინტერესებული ჯგუფების“ გააქტიურებაზე წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ანგარიშში წერია, რომ 2020 წელს, არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა უცხო ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „ჰიბრიდული საფრთხეები“ და აღნიშნულ პროცესში დეზინფორმაციის, ე.წ. რბილი ძალის და ფარული ოპერაციების გამოყენება. ამასთანავე, „ადგილი ჰქონდა სამიზნე ჯგუფებში ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე რადიკალური შეხედულებების წახალისების აქტიურ მცდელობებს, რისთვისაც მიმდინარეობდა ყოფითი ხასიათის სხვადასხვა საკითხის ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით წარმოჩენა, აღნიშნულით მანიპულირება და ანტიქართული განწყობების გაღვივება“.
უწყების მიერ შიდა და გარე საფრთხეების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში 2020 წლის კონკრეტულ რეგიონულ გამოწვევად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტს სახელდება, როდესაც „დაინტერესებული ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიმართულებით. აღნიშნული ჯგუფები აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს შორის ვითარების დაძაბვას, კონკრეტული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კონფლიქტის გადმოტანას და იქ არსებული მშვიდობიანი გარემოს დაზიანებას“, – წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებში საქართველოს სხვადასხვა ფორმით ჩართულობის შესახებ.
„მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით, რუსეთი ცდილობს რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსად, სამცხცე-ჯავახეთში მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტს ხელი მეზობელმა სახელმწიფოებმა შეუწყეს.
,,თურქეთი, რომ არ ჩარეულიყო, ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რაც შეეხება რუსეთს, არც მან გააკეთა რამე სომხეთის დასახმარებლად. დიდი და ძლიერი სახელმწიფოები არიან და რას იზამ? ამიტომ პატარა ერები უნდა გავერთიანდეთ“ - მიაჩნიათ წყრუთში.
არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმაციის ძირითადი წყარო, რუსული და სომხური ტელეარხებია. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უმეტესობა სოციალური ქსელებიდან უპირატესობას "ოდნოკლასნიკებს" ანიჭებს (61,5%). ფოკუს ჯგუფების მონაწილეებიდან ფეისბუკს 25,6%, გაზეთებს, ტელევიზიასა და რადიოს 12,9% იყენებს. ეს შედეგები "მედიის განვითარების ფონდის" 2019 წლის კვლევაშია მოცემული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.