ვლადიმერ პუტინს ვესაუბრე, მას სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომის შესახებ ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რამდენჯერ ისაუბრა პუტინთან, ტრამპმა უპასუხა: „სჯობს, არ ვთქვა“.
მისი თქმით, პუტინი დაინტერესებულია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და სურს, ადამიანები აღარ იღუპებოდნენ.
„ყველა ის დაღუპული ადამიანი. ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. ისინი შენს შვილებს ჰგვანან, ორი მილიონი - და უმიზეზოდ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არასდროს მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო.
”მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პუტინთან. ბაიდენი ჩვენი ერისთვის სირცხვილი იყო. სრული სირცხვილი”, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.
”იმედი მაქვს, რომ სწრაფად. ყოველდღე ხალხი კვდება. ეს ომი ძალიან ცუდია. მინდა დავასრულო ეს წყეული რაღაც", - აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ.
„მაშინ, როცა ვაშინგტონის ადმინისტრაცია ავითარებს თავის მუშაობას, მრავალი განსხვავებული კომუნიკაცია ჩნდება და ეს კომუნიკაციები ხორციელდება სხვადასხვა არხებით. რა თქმა უნდა, ამ კომუნიკაციების სიმრავლის ფონზე, მე პირადად შეიძლება რაღაც არ ვიცოდე, რაღაცის საქმის კურსში არ ვიყო. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, - განაცხადა პესკოვმა.