რა პრობლემების წინაშე იყო და არის მედია - 2024 წელს თიკო ზაზაძე აფასებს
ისევე, როგორც სხვა მედიაორგანიზაციებისთვის, 2024 წელი გამოწვევებით და პრობლემებით სავსე იყო სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტო "სამხრეთის კარიბჭისთვისაც".
მთავარი რედაქტორის თიკო ზაზაძის თქმით, რედაქციისთვის მთავარი პრობლემები, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ "რუსული კანონის" მიღების შემდეგ დაიწყო. "სამხრეთის კარიბჭე" უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში არ დარეგისტრირდა, შესაბამისად მედიის წინააღმდეგ საფრთხეები ბევრია.
"აქამდე თუ ჩვენი პროფესია გვიცავდა, ახლა უკვე დასაცავი გახდა ეს პროფესია და შესაბამისად ჩვენც. ამ კანონის შემდეგ გაასმაგებული საფრთხის ქვეშ გვიწევს მუშაობა ჟურნალისტებს. ამ ამბავში კარგი მხოლოდ ისა არის, რომ ამ ფონზე სამხრეთის კარიბჭე" უწყვეტად აგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა რეესტრში არ დავრეგისტრირდით, რადგან ვთვლით რომ ჩვენი მუშაობა ისედაც გამჭვირვალეა" - ამბობს "სამხრეთის კარიბჭეს" მთავარი რედაქტორი თიკო ზაზაძე.
"სამხრეთის კარიბჭისთვის", ისევე როგორც სხვა მედიებისთვის, 2024 წელს პრობლემა იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. თიკო ზაზაძის თქმით, საჯარო უწყებებიდან, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობებიდან საჯარო ინფორმაციას, რაც ჟურნალისტური მასალების მომზადებისთვის სჭირდებოდათ, ვერ იღებდნენ. ამიტომ რედაქცია იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა.
"სამი თვითმმართველი ორგანოს წინააღმდეგ, მივმართეთ სასამართლოს. ორ შემთხვევაში დაგვიკმაყოფილდა და ერთის, ახალციხის შემთხვევაში კვლავ მიმდინარეობს პროცესები. სასამართლომ თვითმმართველობებს დაავალა, რომ ინფორმაცია მოეწოდებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში ინფორმაციის მიწოდება დროში ისე იწელება რომ ფაქტობრივად გამოუყენებელი ხდება. როცა მასალას ვამზადებთ, იმ კონკრეტულ პერიოდში გვჭირდება საჯარო უწყებიდან ის ინფორმაცია" - გვეუბნება თიკო ზაზაძე.
როგორი იქნება 2025 წელი "სამხრეთის კარიბჭისათვის", თიკო ზაზაძე ვერ საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, როგორ გაგრძელდება მათი მუშაობა ჯერ ბუნდოვანია.