„სწავლის დრო სულ არის“ - 45 წლის აბიტურიენტი ახალციხიდან
20.07.2023
„მას შემდეგ, რაც მეუღლე გარდამეცვალა და მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას… სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი“, - ახალციხელმა მეგი თათეშვილმა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება 45 წლის ასაკში გადაწყვიტა. შვიდი შვილის დედას და ორი შვილიშვილის ბებიას სურს პროფესია ჰქონდეს და ამ მიზნით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა.
„გადაწყვეტილება დარეგისტრირების ბოლო დღეს მივიღე. საბავშვო ბაღში ვარ აღმზრდელის თანაშემწე და მინდა, რომ აღმზრდელი გავხდე. მინდა, ვიყო წარმატებული ქალი და დედა. მრავალი წინაღობის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე სტერეოტიპების მსხვრევა და ამ გზით ყველასთვის, მათ შორის, საკუთარი თავისთვის იმის ჩვენება, რომ, თუ მიზანს დაისახავ, ძალიან მოინდომებ, ასაკი საერთოდ არაფერს ნიშნავს“, - გვიყვება მეგი.
მეგიმ უკვე ჩააბარა სამივე გამოცდა. აპლიკანტს ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის საკითხები არ გასჭირვებია. შედარებით რთული იყო ისტორია, რომლისთვისაც მოსამზადებლად მხოლოდ ორი თვე ჰქონდა. ამის მიუხედავად, მეგი იმედოვნებს, რომ დაწყებითი განათლების სპეციალობის სტუდენტი გახდება. „ქართულში ვეფხისტყაოსანი იყო პროგრამული და არაპროგრამული აკაკი წერეთლის როსტომ ერისთავი. არ მქონდა წაკითხული აქამდე ეს მოთხრობა, სამჯერ გადავიკითხე და გააზრებაც დავწერე. თემა იყო - ამპარტავანი ადამიანი სხვასაც ღუპავს და თავის თავსაც. მოთხრობა სათაურს შეესაბამებოდა, ვფიქრობ, რომ ნორმალურად დავწერე. ისტორიაში ზღვა მასალა იყო, ერთი წელიც არ იქნებოდა საკმარისი მოსამზადებლად“.
მეგი თათეშვილის შვიდი შვილიდან უფროსი 26 წლისაა, უმცროსი კი - 11 წლის. დედასთან ერთად ეროვნულ გამოცდებს მისი მეხუთე შვილი აბარებს, უფროსი გოგო კი მაგისტრატურის გამოცდაზე უნდა გავიდეს.
„ოჯახის სამი წევრი ვმონაწილეობთ გამოცდებში. უფროს გოგოს საჯარო მართვა აქვს დამთავრებული და ახლა მაგისტრატურაზე აბარებს. მეხუთე შვილი აბიტურიენტია და მისაღებ გამოცდებს აბარებს“.
მრავალშვილიან დედას სწავლის შეწყვეტა 25 წლის წინ მოუწია. დაოჯახების შემდეგ, როცა პირველი და მეორე შვილი შეეძინა, უნივერსიტეტში სიარულს და ოჯახის მოვლას ვეღარ ასწრებდა, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწია.
„1995 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ოჯახი რომ შევქმენი და ორი შვილი მეყოლა, მეუღლემ მითხრა, უნივერსიტეტისთვის თავი დამენებებინა. მეორე კურსიდან სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. ძალიან ვდარდობდი, მაგრამ ოჯახი მაინც ოჯახია“. ცხოვრების რადიკალურად შეცვლა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. მეგიმ მისი ოცნებების ახდენა დაიწყო. დედის გადაწყვეტილებები შვილებს არ უკვირთ. არც ის გაჰკვირვებიათ, 2022 წელს რეზერვისტთა რიგებში რომ ჩაეწერა. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს. კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა.
„გავიგე თუ არა აღვფრთოვანდი. გავარკვიე, რომ ძალიან ბევრი ქალი დარეგისტრირდა და კმაყოფილები იყვნენ. დავრეგისტრირდი, სამედიცინო შემოწმება გავიარე და ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. უნდა ვიცოდეთ იარაღის დაშლა-აწყობა, მერე რა, რომ ქალი ვარ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რამე რომ მოხდეს, ჩემს შვილებს ხომ არავინ დატოვებს სახლში, მეც მზად ვიქნები და ჩემს სამ ვაჟკაცთან ერთად გავალ ბრძოლის ველზე, დავიცავ ჩემს სამშობლოს. ჩემი მეუღლეც ჯარისკაცი იყო, მისმა საქმიანობამაც იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე“.
„რა დროს შენი სწავლაა“ - ეს ფრაზა 45 წლის აბიტურიენტისთვის არაერთხელ უთქვამთ. მეგის სიახლეები არ აშინებს რადგან ფიქრობს, რომ განვითარება და პროფესიული ზრდა გვიანი არასდროს არის და არც განათლების მიღებას აქვს განსაზღვრული ასაკი. ის ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გოგოებს მთავარ რჩევას აძლევს - „აუცილებლად იზრუნეთ განვითარებისთვის, განათლებისთვის. ეს აუცილებელია, უსწავლელობა სიბნელეა და სწავლა სინათლე“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.