პორტა
საქართველოში საზღვაო პორტი ინვესტორებისა და მთავრობების შეთანხმებით არ უნდა შენდებოდეს. ის უნდა აშენდეს საფონდო ბირჟაზე გამოშვებული აქციებიდან მიღებული ინვესტიციებით, რომლის შეძენის უპირველესი უფლება უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს. პორტი წარმოადგენს მისი აღმატებულება ქართველი ხალხის საკუთრებას და მისი მოგებიდან დივიდენდებიც პირველ რიგში უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა.
თუ საფონდო ბაზარზე პორტის ინვესტირებას საქართველოს მოქალაქეების ფული არ ეყოფა, ამის შემდეგ აქციების შეძენის უფლება უნდა მიეცეთ ქართულ კომპანიებს. ამის შემდეგ ემიგრანტებს და სულ ბოლოს უცხოურ კომპანიებს. სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს წილი პორტში, საბლოკო პაკეტის უფლებით. ჰესებიც მსგავსი ინვესტირებით უნდა შენდებოდეს.
ქვეყანას მთავრობები და პარტიები არ აშენებენ. ქვეყანას ერი აშენებს. მთავრობებს ისეც ბევრი სხვა სამუშაო აქვთ. არც ჩაკრულო შეუქმნია მთავრობებს და არც ვეფხისტყაოსანი. ისტორიული განძიც ადამიანებმა გადაარჩინეს და არა მთავრობებმა. არც პირველი ბანკი მთავრობებს არ დაუარსებიათ საქართველოში და პირველი ქართული პორტიც ადამიანების ხელწერა იყო.
ექსპერტები ექსპერტობენ და ამბობენ და ამბობდნენ, რომ ტვირთები საკმარისი არ იქნებაო. ნურავის ეგონება, რომ ტვირთების მოზიდვას ნავსადგურის ბაქნები უზრუნველყოფს ან თავად პორტის ნაგებობები ან რკინიგზის რელსები. პორტს ტვირთავს ეკონომიკა ანუ როგორ? საფონდო ბირჟა იქნება წინმსწრები და ამავე დროს შუამავალი რგოლი სასაქონლო ბირჟების განვითარებისა. ეს ბირჟები სახელმწიფოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს და მას ცალკე სახელმწიფო ინსტიტუტი უნდა ფარავდეს მარეგულირებელ ქოლგად. სასაქონლო ბირჟებზე წარმოებული გარიგებები მოიტანს უზარმაზარ სატრანზიტო ქარავნების ნაკადებს.
ბირჟა - კარგად იმუშავა კრემლმა ქართველი კაცის ფსიქოლოგიაზე და აქცია იგი მახათიანი კაცების გაგებად.
მაკლერის განმარტებაზე აღარც ღირს ახსნა.
კოლხებმა შექმნეს 2 600 წლის წინ მონეტები და ზარაფხანები! ტაოხებმა გამართეს ქარვასლები! იბერებმა იტვირთეს მეკარიბჭეობის ფუნქცია ოდესღაც! ორტაღები ქმნიდნენ დამატებით ღირებულებას ორ ზღვას შუა ჰორიზონტზე - კაშგარიდან რომამდე! გადატეხა და გაამრუდა ქართველი კაცის ფსიქოლოგია მოსკოვმა აბრეშუმის გზის კარიბჭე ქვეყანაში. მე გამრუდებული ფსიქოლოგიის წამლობას არ ვცდილობ. მე მხოლოდ რეცეპტს ვწერ. მკურნალობის დაწყება ნების საკითხია.
ტერმინი პორტა დაკავშირებულია კარის ან ჭიშკრის ფრანგულ (porte) და იტალიურ (porta) სახელწოდებასთან.