ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო - როდის ამოქმედდება და ვის გაუწევს მონიტორინგს
საქართველოში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოქმედდა.
შესაბამისი ცვლილება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შევიდა.
ცვლილების თანახმად, სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ითვლება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამონაცვლედ საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის ნაწილში, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით.
ახალი სააგენტოს ზედამხედველობას დაექვემდებარება მაგალითად სამშენებლო მასალები – არმატურა, ცემენტი, ელექტროკაბელები.
სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს მასალის თანდართული დოკუმენტების შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში კი უზრუნველყოს ბაზრიდან საფრთხის შემცველი პროდუქციის ამოღება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კოდექსის მანამდე მოქმედი რედაქციით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემას და ზედამხედველობას, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირებას და პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებდა ერთი და იგივე ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
თუმცა თავისი არსით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე ნებართვის გაცემა და მშენებლობის ზედამხედველობა, ასევე ექსპლუატაციაში გაშვებული მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირება არსებითად განსხვავდება პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისგან.
განმარტებითი ბარათის თანახმად, იმისთვის, რათა პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობა განახორციელოს სხვა სსიპ-მა, საჭირო გახდა საკანონმდებლო ცვლილება.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ახალი სსიპ-ისთვის გათვალისწინებულია 1 200 000 ლარი. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის კი ასიგნება შემცირდა 1 638 000 ლარამდე.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში 2020 წლისთვის გათვალისწინებულია 45 საშტატო ერთეული (ნაცვლად დღეს არსებული 62-ისა), ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში − 35 საშტატო ერთეული.