ქართველი ფერმერები ხახვის წარმოების ზრდასა და კარტოფილის შემცირებას გეგმავენ
ქართველი ფერმერები ხახვის წარმოების ზრდასა და კარტოფილის შემცირებას გეგმავენ. მიზეზი ბოლო პერიოდში ხახვის ფასის მკვეთრი ზრდაა.
EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, საქართველოში ადგილობრივი ხახვისა და კარტოფილის დეფიციტია. შესაბამისად, მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმპორტის საშუალებით ხდება.
კარტოფილის მოსავალის აღება ქვემო ქართლში ივნისში დაიწყება, სადაც ქვეყნის წლიური მოთხოვნის 20-30% მოდის. მოსავალი მოდის მაისშიც, მაგრამ როგორც წესი, ის არც ისე მაღალია. სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთმა ფერმერმა კარტოფილის ნაცვლად ხახვის მოყვანა გადაწყვიტა.
2023 წლის მარტის მონაცემებით, იანვრიდან მარტამდე საქართველომ უკვე 11 000 ტონა კარტოფილი იყიდა. პროდუქტის დეფიციტმა იმპორტის მასშტაბები გაზარდა: 2022 წლის სექტემბრიდან ქვეყანამ 24 000 ტონა კარტოფილი იყიდა, რაც ბოლო ათი წლის რეკორდია. იმპორტის მაღალი საჭიროება ცუდმა ადგილობრივმა მოსავალმა განაპირობა, რაც ძირითადად, უამინდობით აიხსნება.
რაც შეეხება ხახვს, 2022 წლის სექტემბრიდან საქართველომ 14 000 ტონა ხახვი იყიდა, ეს კი საშუალო მაჩვენებელია. ამასთან, კარტოფილისგან განსხვავებით, ხახვის უკმარისობა გლობალური პრობლემაა. საინტერესოა, რომ 2023 წელს ხახვის იმპორტი ოთხჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ერთი წლის წინ ამავე პერიოდში. ქართველ იმპორტიორებს თურქეთის ჩანაცვლება უჭირთ, რომელიც ხახვის ექსპორტს ზღუდავს საკუთარ ბაზარზე ფასების დასტაბილურების მიზნით.
ამჯერად კარტოფილსა და ხახვზე საბითუმო ფასები წინა სეზონებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. თებერვლის შუა რიცხვებიდან ხახვის ფასი დაეცა, მაგრამ ეს იმპორტირებული ხახვის ხარისხისა და მოცულობის შემცირების შედეგია.
ქვემო ქართლის რეგიონის ბევრმა ფერმერმა კარტოფილის ნაცვლად ხახვის დათესვა გადაწყვიტა. მიზეზი ფასებშია. მათ დაინახეს, რომ გასული წლის ივნისში ხახვი უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე კარტოფილი. უფრო მეტიც, ხახვის საბითუმო ფასები საკმაოდ მაღალი იყო.
ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის მარტში ქართველ მომხმარებელს 1 კილოგრამ ხახვზე 111%-ით მეტის გადახდა მოუწია, ვიდრე 2022 წლის მარტში. ამავე პერიოდში კი, კარტოფილის საცალო ფასი 50%-ით გაიზარდა.
ფერმერების ხახვზე გადასვლა კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონზე კარტოფილის მეტი იმპორტი გახდება საჭირო. ასევე მოსალოდნელია ხახვის ფასზე ნეგატიური ცვლილებაც, რადგან მისი მოცულობა, მკვეთრად გაიზრდება.