სად და რა ფასად ვყიდულობთ მწვანილს, რომელიც გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მწვანილი პირველ ადგილზეა. პროდუქტის ფასი წლიურად117.5%-ით გაიზარდა.
საქსტატის მიხედვით, 2024 წელს იანვარ-ნოემბერში (დეკემბრის მონაცემი არ არის ჯერ გამოქვეყნებული) წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მწვანილის იმპორტი შემცირებულია, თუმცა ყველა სხვა გასულ წელთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან ქვეყნდება), გაზრდილია. 2024 წელს 11 თვეში ქვეყანამ 789.98 ტონა (559.9 ათასი აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 344 ტონა (434.1 ათასი აშშ დოლარი).
შედარებისთვის, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 771.2 ტონა (398.2 ათასი აშშ დოლარი) მწვანილის იმპორტი განხორციელდა, 2021 წლის იგივე პერიოდში - 458.8 ტონა (145.6 ათასი აშშ დოლარი), 2020 წლის 11 თვეში - 616.3 ტონა (264.5 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.
რაც შეეხება ღირებულებას, 2024 წელის საანგარიშო პერიოდში, 1 კგ მწვანილის საშუალო ფასი 71 ცენტი იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი 32 ცენტი. შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტი დაახლოებით, 122%-ით არის გაძვირებული. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე და გამოყვანილია საშუალო მაჩვენებელი)
ამასთან წელს, შემოსული მწვანილის 45% ირანულია, ხოლო 44% -სომხური.
საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ მწვანილის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულს ( 2024 წლის იანვარ-ნოემბერში):
ირანი - 355.36 ტონა (233.3 ათასი აშშ დოლარი)
სომხეთი - 349.9 ტონა (212.3 ათასი აშშ დოლარი)
რუსეთი - 30.98 ტონა (16.63 ათასი აშშ დოლარი)
თურქეთი - 24.46 ტონა (12.29 ათასი აშშ დოლარი)
უზბეკეთი - 15.6 ტონა (17.1 ათასი აშშ დოლარი)
შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 % იყო.