"ქართული ოცნება" სიგარეტისა და აიქოსის აქციზის გადასახადის გაძვირებას გეგმავს
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგადასახადო კოდექსი შეიცვლება და სიგარეტისა და აიქოსის აქციზის გადასახადი გაძვირდება. მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და აიქოსის შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც აიქოსის შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობის იქნება სიგარეტის შემთხვევაში", - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ასევე გეგმავს მოგების გადასახადი გაუზარდოს სათამაშო ბიზნესსაც.
"თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. როგორიც მოგებასთან დაკავშირებით ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე ექნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით", - თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.
12-დღიანი საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დეკემბრიდან კიდევ არაერთ საკანონმდებლო ცვლილებას გეგმავს.
მაგალითად, აქციაზე დემონსტრანტებს ნიღბების ტარება და სახის დამალვა აეკრძალებათ; გარდა ამისა, იგეგმება რეგულაციების დაწესება პიროტექნიკის გამოყენებაზე; ამასთან, საჯარო სამსახურებს უფრო მარტივად შეეძლებათ „რეორგანიზაცია“ - შესაბამისად, ადამიანთა გათავისუფლება; უფრო მარტივი გახდება პოლიციელად მუშაობის დაწყება.