სამცხე-ჯავახეთში 37 უბანზე იმიტირებული საარჩევნო პროცესი იმართება
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე ოლქში, 37 საარჩევნო უბანზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმიტირებული ელექტრონული არჩევნები იმართება.
ამომრჩევლები ეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს უხსნიან, რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გადიან ხმის მიცემის შემდეგ პროცედურებს - რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.
სამცხე-ჯავახეთის ოლქებში, იმიტირებული ელექტრონული უბნები გაიხსნა: ახალციხეში 12, ბორჯომში 4, ადიგენში 5, ასპინძაში 3, ახალქალაქში 6 და ნინოწმინდაში 7.
საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. საპარლამენტო არჩევნებისათვის სამცხე-ჯავახეთში 188 უბანი გაიხსნება, აქედან ამომრჩეველი 113 უბანზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს ხმას, დანარჩენ 75 უბანზე კი ტრადიციული წესით.