რომელ ქვეყნებში გაიხსნება 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის უბნები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. თუმცა, ბოლო პერიოდში დაინტერესებული მხარეების მხრიდან, მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისა და განმარტებებისა, იყო საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში გადატანის და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.