ანტიკორუფციული ბიურო TI-ის საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსს მოუხსნის
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული ბიურო, საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსს მოუხსნის, ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და „გამჭვირვალობა - საქართველოს" და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დავავალდებულეთ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის", - განაცხადა კუპრაშვილმა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება. კობახიძეს თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა ორგანიზაციებს, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი უნდა მოეხსნათ".
მიუხედავად იმისა, რომ კობახიძის თქმით, „TI საქართველოს” განცხადებული აქვს საარჩევნო მიზანი და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, „უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული”, ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს „სახელმწიფო ინტერესებისა და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან არიდების მიზნით”.
2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
შესაბამისად, ორ ორგანიზაციასა და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.