სპორტი
საქართველოს ჩემპიონი ოთარ ერანოსიანი საცხოვრებლად ახალქალაქიდან აშშ-ში გადავიდა
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, მოკრივე ოთარ ერანოსიანი სპორტულ კარიერას აშშ-ში გააგრძელებს. სპორტსმენი ამბობს, რომ მას საქართველოში განვიტარების საშუალება აღარ ჰქონდა. გარდა ამისა, იყო ფინანსური პრობლემები.
ის უკვე იმყოფება მაიამიში, სადაც მენეჯერთან ერთად, პირველ ხელშეკრულებაზე მუშაობს. ამის შესახებ მოკრივე JNEWS.GE-ს ესაუბრა. ერანოსიანს სურს, რომ პროფესიონალურ კრივში იასპარეზოს.
მისი წასვლა კრივის ფედერაციისა და ახალქალაქის სპორტსკოლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ფედერაციიდან და სამინისტროდან დაინტერესდნენ, ვიცოდით თუ არა ერანოსიანის წასვლის შესახებ, მაგრამ არც ჩვენ არ ვიცოდით. ზრდასრული ადამიანია, მას უფლება აქვს თვითონ გადაწყვიტოს, თუმცა ამის შესახებ ჩვენ წინასწარ უნდა გავეფრთხილებინეთ“,- ამბობს ახალქალაქის სპორტსკოლის დირექტორი ატომ ელიზბარიანი.
რატომ არ აცნობა ტრენერს მისი წასვლის შესახებ - ოთარ ერანოსიანი ასე ხსნის.
„სამი წლის წინაც მინდოდა წასვლა, ამერიკიდან დამპატიჟეს, ყველა გავაფრთხილე და მითხრეს არ წახვიდეო, თან იმედები მომცეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დავრჩი, თუმცა არანაირი წინსვლა არ მქონია. ახლა მინდა უფრო წინ წავიდე, ამიტომ არაფერი ვუთხარი, რომ ისევ ცრუ იმედები არ მოეცათ ჩემთვის“.
ამერიკაში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი, ფინანსური მდგომარეობაც იყო. მისი თქმით, საქართველოში ხელფასი არ ჰყოფნიდა.
„მე დიდი ოჯახი მაქვს, ჩემი ხელფასით ვერც ბიზნესს დავიწყებდი, ვერც მანქანას ვიყიდიდი. 1 500 ლარი მქონდა თვეში, აქედან 1 200 ფედერაციიდან, 300 ახალქალაქის სპორტსკოლიდან“, - ამბობს ოთარი.
ატომ ელიზბარიანი ამბობს, რომ თანხამ, რომელიც ერანოსიანის შეჯიბრებებსა და სპორტულ ტანსაცმელში ერთ წელში დაიხარჯა, 100 000 - 150 000 ლარი შეადგინა.
„მე ფედერაციაში აღარ დავბრუნდები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაწყენი ვარ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ერთმანეთთან, უბრალოდ მე სამოყვარულო კრივში არ დავბრუნდები“,- განმარტავს ოთარ ერანოსიანი.
გააზიარეთ :