დოკუმენტაციას სრულყოფილად არ მაძლევენ - გარდაცვლილი მედდის ადვოკატი
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატი საქმის მასალების მისაღებად სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში მივიდა. ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, დოკუმენტების ნაწილი ამ დრომდე ვერ მიიღო. რატომ არ აქვს საქმის მასალებზე წვდომა - ამის გარკვევას ის საგამოძიებო ორგანოში ცდილობს.
უფლებადამცველი შენობაში არ შეუშვეს და განუცხადეს, რომ გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
"მაქსიმალურად ვცდილობ ინფორმაცია მივაწოდო გამოძიებას და იმედი მაქვს, თავადაც იგივე დამოკიდებულება ექნებათ. ახალციხის და თბილისის საგამოძიებო სამსახურიდან ვცდილობთ მოვიპოვოთ ინფორმაცია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ასევე სრული სამედიცინო მონაცემი, რომელიც ვაქცინაციამდე ჩატარდა. კლინიკისგანაც მაინტერესებს სამედიცინო ისტორია, რა მანიპულაციები ჩაუტარდა მეგის, მოგვცემს თუ არა კლინიკა, ჩვენ მაინც მოვიპოვებთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. ექთანი სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
28 წლის ექთანი დღეს, 23 მარტს დაკრძალეს.