ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახდა
ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახდა. ჟვანია ფარულ კენჭისყრაზე მეორე ვადით აირჩიეს. მას მხარი კომისიის წევრების უმრავლესობამ დაუჭირა.
ფარული კენჭისყრისას კომისიის 8 წევრის ხმა თამარ ჟვანიამ, ხოლო ერთი - ვლადიმერ ბოჟაძემ მიიღო. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს, მარიამ შელეგიას არც ერთი ხმა არ მიუღია.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. ენმ-ს და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად კენჭისყრის დაწყებამდე დატოვეს.
მათი მტკიცებით, თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით „ოცნებას“ გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა მიღებული.
„პროტესტის ნიშნად არ ვიღებთ თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას და დავტოვებ სხდომას. და ბოლოს იმედი მაქვს ოპოზიციის ხმების გარეშე, ერთპარტიული ძალის მიერ არჩეული ცესკოს თავმჯდომარე იქნება განგაშის სიგნალი მმართველი ძალისათვის, რომ საჭიროა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და საარჩევნო სისტემაში,“-განაცხადა მედიასთან ცესკოს კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ დავით გურგენიძემ.
ენმ-ში კი ამბობენ, რომ თამარ ჟვანია არის ხელისულებისთვის სასურველი თავმჯდომარე, რომელმაც არჩევნების დღეს ბევრ დარღვევაზე და გაყალბებაზე თვალი დახუჭა.