ბორჯომის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოლდოვაში არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდა
N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძე მოლდოვას რესპუბლიკაში 24 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და რეფერენდუმის მიმდინარეობას დააკვირდა.
მასთან ერთად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრები კენჭისყრის დღეს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ხმის მიცემის, ასევე უბნების დახურვისა და წინასწარი შედეგების გამოცხადების პროცედურებს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუსთან და მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალინა რუსუსთან, სადაც მხარეებმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები მოლდოვას რესპუბლიკაში, 22-25 თებერვალს, მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ.