პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია
პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია.
მათ ასარჩევად პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა ხმათა ეს რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები
გიორგი კალანდარიშვილი – 82 მომხრე, 8 წინააღმდეგი;
გიორგი სანტურიანი – 2 მომხრე 10 წინააღმდეგი.
ცესკოს წევრობის კანდიდატები
გია ცაცაშვილი – 80 მომხრე, 9 წინააღმდეგი;
ლელა ტალიური – 16 მომხრე, 1 წინააღმდეგი;
თამარ სართანია – 16 მომხრე, 27 წინააღმდეგი;
მაია ზარიძე – 81 მომხრე, 8 წინააღმდეგი.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნი კანდიდატის დასანიშნად კენჭყისყრა კიდევ ერთხელ ჩატარდება, თუ არჩევა კვლავ ვერ მოხერხდა, პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტარების 3/5-ის, ანუ 90 დეპუტატის ხმაც საკმარისი იქნება. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, საჭირო ხმების რაოდენობა 76-მდე დაიწევს.
კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.