26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით ათასობით ახალგაზრდა დააკვირდება. მათ შორის არიან ახალციხელი სტუდენტები. მოხალისე დამკვირვებლები როგორც საკუთარი, ისე დანარჩენი ამომრჩევლის ხმების დაცვას აპირებენ.
„საქართველო დგას უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე, როგორი მომავალი სურს. დღევანდელი მდგომარეობა იყო, რამაც მოტივაციის პირველი ნაპერწკალი გამიჩინა. მინდა, ჩემი ღირებულებებიდან, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ჩემი პატარა წვლილი შევიტანო“, - ასე პასუხობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, 18 წლის თია ყულჯანიშვილი კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა საარჩევნო პროცესებში ჩართულიყო და დამკვირვებლად დარეგისტრირებულიყო. ის 26 ოქტომბერს, ერთი დღით დამოუკიდებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება და კენჭისყრის პროცესს სადამკვირვებლო მისიის - “შენი ხმა ევროკავშირს“ მანდატით დააკვირდება.
„როცა პრობლემას დაინახავ, შემდეგ სურვილი გიჩნდება ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო პატარ-პატარა ნაბიჯებით“, - ამბობს თია. მას პრობლემების დანახვა არ გასჭირვებია. განსაკუთრებულ გამოწვევად დღეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას თვლის.
წელს არჩევნებს არათუ დააკვირდება, არამედ ხმასაც პირველად მისცემს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებთან ერთად მიიღო.
„გარემოცვაში ძალიან გამიმართლა. როცა ვთქვი, მინდა გავხდე დამკვირვებელი არანაირი პოლიტიკური პარტიიდან, დამოუკიდებელი ორგანიზაციიდან, ძალიან კარგად მიიღეს. მითხრეს, რატომაც არა, ხარ სრულწლოვანი, დაბადებული და გაზრდილი ხარ დამოუკიდებელ საქართველოში და ეს საკითხი შენი გადასაწყვეტია. მაგრამ ჩემს გარშემო ადამიანებს რომ ვაკვირდები, ვფიქრობ, ოდნავ შეშინებულები არიან დღევანდელი მდგომარეობით, რაღაც აბრკოლებთ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რა უშლით ხელს, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა“.
მის გარშემო არაერთი ახალგაზრდაა, რომელიც მასავით დამკვირვებლად დარეგისტრირდა. თია ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებამ და ხელისუფლების განცხადებებმა დასავლეთზე, ახალგაზრდები გამოაფხიზლა. ამჩნევს, რომ ბოლო პერიოდში მისი თანატოლები უფრო დაინტერესდნენ ქვეყნის ბედით და პოლიტიკით.
„კონკრეტულ თემებზე, კონკრეტული არგუმენტებით ვმსჯელობთ. აზრების გაცვლა-გამოცვლა ძალიან თავისუფლად ხდება. ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური თაობა მოდის - თავისუფალი, დამოუკიდებელი. როცა ვხედავ ჩემი თანატოლები როგორი აქტიურები არიან ამ პროცესებში, როგორ უნდათ პატარა ნაბიჯებით შეიცვალოს რაღაც, მეც მოტივაცია მიჩნდება, რომ იქნებ ჩვენი ძალებით მართლა შევცვალოთ რამე, რაც და როგორც შეგვიძლია“, - გვიყვება თია.
თიას მსგავსად, 26 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდება ახალციხელი თათია კოტაძე. 26 წლის ვებ დიზაინერი ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობს. თათიას ახალციხის რომელიმე უბანზე გაანაწილებენ, რომ არც ხმის უფლება დაკარგოს და არც კენჭისყრის პროცესი დარჩეს უყურადღებოდ.
„მე გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო როგორც დამკვირვებელს მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ სულ მცირე, შემეძლო ჩემი წვლილი შემეტანა საარჩევნო პროცესში. არც ვიცოდი ეს როგორ შემეძლო. არ მინდოდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის დამკვირვებელი ვყოფილიყავი. შემდეგ ფეისბუკზე შემხვდა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებაზე „ჩემი ხმა ევროკავშირს“.
თათიას არჩევნების დაკვირვების გამოცდილება აქამდე არ ჰქონია. ამბობს, რომ წინა წლებში მისთვის არ იდგა ასე მძაფრად საქართველოს მომავლის საკითხი.
„გაზაფხულზე რაც ხდებოდა, იმ მოვლენებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი წვლილი შევიტანო, აუცილებელია ვიცოდე, თუნდაც იქ, სადაც მე ვიქნები, ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა დემოკრატიის ფარგლებში. სულ მცირე ეჭვი რომ არ მქონდეს, რომ შეიძლება მოხდეს რამე, რაც ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების შედეგებს. ჩემ გარშემო ყოველდღიურად იკრიბება ხალხი, რომლებსაც უნდათ დამკვირვებლობა. ახალგაზრდებისთვის ეს სოციალური პასუხისმგებლობაა. მიზეზი ისაა, რომ პირდაპირ ახალგაზრდებს შეგვეხო ის პოლიტიკური პროცესები, რაც ქვეყანაში მიდიოდა“.
დამკვირვებლების ნაწილი უკვე გადაემზადა. მათ ტრენინგებზე აუხსნეს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი უბანზე და რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
„გავიგე, როგორ მუშაობს მექანიზმი. ვის რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს. ჩემთვის გამოიკვეთა ის, რა შეიძლება იყოს არჩევნების გაყალბების ხელშემწყობი ფაქტი, ან როგორ შეიძლება ეს მოხდეს, კონცენტრირებას ამაზე გავაკეთებ, თუმცა მთლიანი დღის დაკვირვება მნიშვნელოვანია. მარკირების შემოწმება სწორად ხდება თუ არა, ვინმე ორჯერ ხომ არ აძლევს ხმას, ვიღაც ზედმეტ ბიულეტენს ხომ არ აგდებს ან დათვლა ხომ სწორად ხდება - ამ საკვანძო საკითხებზე აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას. მტკიცედ ვიქნები, რაც არ უნდა ადამიანური ფაქტორი იყოს, ან რაც არ უნდა მტრული დამოკიდებულება იყოს ჩემს მიმართ უბანზე, თუ დარღვევა იქნება, საჩივარს დავწერ. ვინმესგან რომ წამოსულიყო დაშინების ფაქტი, ეს უფრო დიდი მოტივაცია იქნებოდა, რომ ზუსტადაც საარჩევნო უბანზე ვიდგე და არავის მივცე უფლება, დამაშინოს“. თათია კოტაძე - მოხალისე დამკვირვებელი
„არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან მიყვარდა პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება“, - ამბობს კიდევ ერთი მოხალისე-დამკვირვებელი თათია აფრიამაშვილი.
„ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები წელს ტარდება. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი შედეგები შეიძლება მოიტანოს. თუ მოიგებს ხელისუფლება, დაიხურება ყველა დასავლური კარი, განვითარების ყველანაირი გზა ჩაგვეკეტება და ამ ქვეყანაში მომავალ თაობას ცხოვრება ძალიან გაუჭირდება. ჩემი მეგობრებისგანაც მომისმენია, რომ ქვეყანას დატოვებენ და მეც მიფიქრია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აზრი დაეკარგება, რადგან ჩვენი ყველა უფლება, თავისუფალი ნების გამოხატვა შეიზღუდება და ისე იქნება როგორც ხელისუფლებას უნდა. ან ყველამ უნდა დავუჯეროთ, ან ზოგს დაიჭერენ, ზოგს ქვეყნიდან გააქცევენ“.
თათია თბილისიდან ახალციხეში ერთი დღით, არჩევნების პროცესის დასაკვირვებლად ჩამოვა. ის 19 წლისაა და საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი იქნება.
„არ მესმის, შორიდან როგორ უნდა უყურო, როგორ უნდათ შენი ქვეყანა დააბრუნონ იქ, საიდანაც ძლივს გამოვაღწიეთ, ჩვენი წინაპრების სისხლი დაიღვარა, რომ იქიდან გამოგვეღწია. რომ ვუყურებ, როგორ ცდილობენ წაართვან ჩვენს ქვეყანას დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ევროპული გზა - ყველაფერს ცდილობენ ისე გააკეთონ, რომ ეს ყველაფერი დაიკარგოს“.
თათია აქტიურად იყო ჩართული ე.წ. „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციებში. ის მეგობრებთან ერთად ყოველ დღე იდგა რუსთაველზე და ხელისუფლების მხრიდან ერთხელ უარყოფილ და ხელახლა ინიციირებული კანონპროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა. „რატომღაც, ამ მთავრობის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ჩვენს თაობას წაკითხულის გააზრების უნარი არ გვაქვს. არც რომელიმე პარტიისთვის მომისმენია, არც რომელიმე ენჯეოსთვის, უბრალოდ ავდექი და მე თვითონ წავიკითხე კანონი, აღვიქვი, რა პრობლემებს შემიქმნიდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ვარ გაზრდილი, ძალიან პატარა ვიყავი, როცა არაფორმალური განათლების მისაღებად მივედი. რომ ვიცი, როგორ განათლებას იძლევიან, რამდენს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ვერც ერთი პარტია ვერ „დამაბოლებდა“, რომ ეს კანონი კარგია ან ცუდია, მე თვითონ შემეძლო აღმექვა“.
თათიას თქმით, ხელისუფლების მიმართ ახალგაზრდების გულისწყრომის მიზეზი დიდწილად, კანონის მიღება და საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებაა. არაერთ სტუდენტს, რომლებსაც აქამდე პოლიტიკური საკითხები არ აინტერესებდათ, გაზაფხულზე განვითარებულმა მოვლენებმა გადააწყვეტინა აქტიურად ჩართულიყვნენ არჩევნების დაკვირვების პროცესში.
„არ შემეძლო სახლში დავრჩენილიყავი და მეყურებინა ჩემს მეგობრებს, კლასელებს, ჩემს ტოლებს ქუჩაში როგორი ხერხებით უსწორდებოდნენ. ამას შორიდან, მშვიდად ვერ ვუყურებდი. ჩემი თანატოლები, რომლებიც ჩემთან ერთად აქციებზე იდგნენ და ყველაფერი ერთად გამოვიარეთ იმ სამი თვის განმავლობაში, უმეტესობა ახლა დამკვირვებელია იმიტომ, რომ ყველამ საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ როგორია ამ მთავრობის რეჟიმი“, - ამბობს თათია.
მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან კენჭისყრის დღეს დააკვირდნენ, სხვადასხვა ორგანიზაციაში დარეგისტრირდნენ. სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ 30 საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს, მათთან ამ ეტაპზე, 3 335 განაცხადია შესული. „სამართლიანი არჩევნების“ სახელით კი ხმის მიცემის პროცედურას 1 500 პირი დააკვირდება. ყველა მათგანის მოტივაცია ერთია - დაიცვან ყველა ამომრჩევლის ხმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.