ჯანდაცვა
ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება გაუწია, სამედიცინო სფეროდან წავიდა
უმცროსი ექიმი, რომელმაც ახალციხელ ექთანს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ პირველადი დახმარება გაუწია, ჯერ კლინიკა „იმედიდან“ შემდეგ კი სამედიცინო სფეროდან წავიდა. ინფორმაციას „მეცხრე არხს“ ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური უდასტურებს. მისი თქმით, მეგი ბაქრაძის ტრაგიკულმა შემთხვევამ, ბექა ლიპარტელიანზე იმდენად მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა იქონია, რომ საყვარელ საქმიანობაზე უარი თქვა და თეთრი ხალათი გაიხადა. გიორგი აფციაურის თქმით, სამედიცინო სფეროსთვის ეს დიდი დანაკარგია.
„ბექა საკმაოდ გამოცდილი ექიმია. ბევრ ექიმს ჯობნის კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებაში. რომ ვენდობოდი იმიტომ ვთხოვე, რომ ამ "კოვიდობის" დროს ჩამოსულიყო და გვერდზე დამდგომოდა.
გული მწყდება, იმ დროს იქ რომ ვყოფილიყავი, ბექა აცდებოდა ამ ყველაფერს. იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და განიცადა ეს ყველაფერი, რომ მედიცინას საერთოდ შეეშვა. თუმცა ასეთი კადრის დაკარგვა მედიცინისთვის ძალიან მძიმეა და არ შეიძლება. ბექა სამწუხაროდ, დღესდღეობით მედიცინაში აღარ არის,“ - ამბობს გიორგი აფციაური.
ბექა ლიპარტელიანმა დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მალევე დაწერა და კლინიკიდან წავიდა. „იმედის“ დირექტორი ირწმუნება, რომ მისთვის წასვლა არავის მოუთხოვია.
„ბექა ლიპარტელიანმა თვითონ დაწერა საკუთარი ნებით განცხადება და წავიდა. ადმინისტრაცია მას ყველანაირად გვერდში დაუდგა. კლინიკას მის წინააღმდეგ არავითარი პრეტენზია გამოუთქვამს, არც მას არ გამოუთქვამს კლინიკის მიმართ. უბრალოდ დაწერა განცხადება და წავიდა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“ - ამბობს გიორგი ბარძიმაძე.
გასული წლის 18 მარტს, როდესაც მეგი ბაქრაძის ვაქცინაცია მოხდა, ექთანი უმცროსი ექიმის, ბექა ლიპარტელიანის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, რადგან კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე ადმინისტრაციის დავალებით სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. ვაქცინირებული ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ამ დრომდე სწავლობს.
ექიმები გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში ორივე ექიმმა მუშაობა კლინიკა „ევექსში“ დაიწყო. მალევე მათ „იმედის“ წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყეს.
ასევე ნახეთ:
კლინიკა "იმედს" ყოფილი თანამშრომლები სამართლებრივად ედავებიან
„ერთი ომის გადატანა კიდევ მოგვიწევს“ - მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში
ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები შინაგანაწესის დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლესბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები მუშაობას ევექსის კლინიკაში აგრძელებენ
„ვიოლა შეხვედრაზე დარჩა, მაგრამ კლინიკაში მალევე დაბრუნდა“ - რეანიმატოლოგი იმუნიზაციის ექიმზე
ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა
გააზიარეთ :