ქართული ანბანი ბორჯომის პარკში განთავსდა. მუნიციპალიტეტის მერია იდეის მიზანზე წერს.
,,ჩვენი მთავარი საგანძური, ქართული ანბანი დღეიდან ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ტერიტორიაზე განთავსდა. სათითაო, მცირე ბანერზე დაწერილი ქართული ანბანის ნუსხური და მხედრული ასოები და ამავე დროს რუსულ-ინგლისური შესატყვისიც, უფრო მეტად ადვილი და საინტერესოდ აღსაქმელი იქნება პარკის ვიზიტორებისა და სტუმრებისათვის.
ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - ჩვენი უკვდავი ენის თვალსაჩინოება და პოპულარიზაცია.
ქართული ანბანური დამწერლობა რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ქართლის ცხოვრების თანახმად, იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა.
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს.
XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არსებობს.
ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)).
აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული.
თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა.