ისტორიულ ტაო–კლარჯეთში, ოშკის ტაძრის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოებზე დასაკვირვებლად, ქართველ სპეციალისტთა ჯგუფის პირველი ვიზიტი
თურქეთში დასრულდა. არქიტექტორ–რესტავრატორის, არქეოლოგის, ხელოვნებათმცოდნისა და კონსტრუქტორისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი მე-10 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო.
ოშკის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებელი ეტაპი, რომელსაც ქართველი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით თურქეთის მხარე სრულად უზრუნველყოფს, ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის სრულფასოვან შესწავლას და სათანადო რეკომენდაციების საფუძველზე, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობს.
წინა სარეაბილიტაციო ეტაპი ტაძრის გუმბათის ყელის კონსტრუქციულ გამაგრებასაც მოიცავს, რასაც თურქი არქიტექტორ-რესტავრატორები ქართველი კოლეგების მიერ გადაცემული პროექტის მიხედვით მომზადებული ძალოვანი ხარაჩოს მეშვეობით განახორციელებენ.
აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ეს ქართველ ექსპერტთა პირველი ვიზიტი იყო, შემდგომ ეტაპზეც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან და პროცესს დააკვირდებიან.
თურქი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტაძრის მთლიანი ქსოვილის ზემგრძნობიარე დეტექტორებით აღჭურვას, რომელთაგან მიღებულ ციფრულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება ოშკის ყველა კონსტრუქციული ბზარის რეგრესული დინამიკა, დადგინდება მათი წარმოქმნის რეალური მიზეზები და პროგრესირების ხარისხი. მონაცემებს ოშკის ტაძრის სარეაბილიტაციოდ შეკრებილი სწავლულ ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც მომზადდება ოშკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო გეგმა და საპროექტო დოკუმენტაციაც.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ოშკის ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარდება გეოლოგიური კვლევებიც. პროცესი ქართველი არქეოლოგების აქტიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.
ამჟამად არქეოლოგების მონიტორინგის ქვეშ ოშკზე უკვე მიმდინარეობს XX საუკუნის დასაწყისში დაფიქსირებული იატაკის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილისეულ ნაშრომებშია დაფიქსირებული.
ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017 წლის 23 მაისს ხელმოწერილი იმ დოკუმენტის საფუძველზე ხორციელდება, რომელიც 2 ქვეყანას შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს.
ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული. იგი ორნამენტების სიუხვით და ქვაზე კვეთილი გამოსახულებებით გამოირჩევა. ოშკი სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ტაძრის გვერდით დღემდე შემორჩენილია სასულიერო აკადემიის ნანგრევები და სამლოცველო.
ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.