,,ოქროს გარგარის" პრიზიორი ორი ქართული ფილმი გახდა
ერევანში ჩატარებული საერთაშორისო ფესტივალიდან ქართული კინემატოგრაფისტები გამაჯვებულები დაბრუნდნენ. საქართველოს კინემატოგრაფისტთა
ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ,,ოქროს გარგარი"–ს პრიზიორი ორი ქართული ფილმი გახდა. მარიამ ხაჭვანის დრამამ ,,დედე" კინოკრიტიკოსთა ჯილდო FIPRESCI დაიმსახურა.
ერთი წლის წინ კი მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” კარლოვი ვარის კინოფესტივალზე სექციაში East of the West ჟიურის პრიზის მფლობელიც გახდა. რეჟისორმა დოკუმენტური ფილმის ესთეტიკით გადაიღო მხატვრული ფილმი სვანეთზე და სვანებზე, დაკარგულ ტრადიციებზე, ქალების ბრძოლასა და თავისუფლებაზე.
კიდევ ერთი პრიზი, სპეციალურმა ჟიურიმ, დოკუმენტური ფილმის რეჟისორს ვახტანგ კუნცევ – გაბაშვილს მიანიჭა ფილმისთვის ,,გამჭვირვალე სამყარო". ფილმი ცნობილი კინოოპერატორის დავით გუჯაბიძის ოჯახზე მოგვითხრობს.
ფილმის მთავარი გმირი 26 წლის ბექაა, რომელსაც მამა პროფესიის დაუფლებაში ეხმარება – ბექა ფოტოხელოვნებით არის გატაცებული, ამავდროულად ფილმს იღებს ფიზიკოსსა და კომპოზიტორზე. ცოტა ხნის წინ ფილმი, უკრაინაში, ქალაქ კიევში დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Docudays UA-ს საკონკურსო პროგრამაში იყო ნაჩვენები.
ჟიური ცნობილი რეჟისორების, ოპერატორების, კინოკრიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიერ დაკომპლექტდა. ამ ჯერად ჟიურის თავმჯდომარეობდა ირანელი კინორეჟისორი, ოსკაროსანი ასგრაფ ფარხადი. საპატიო სტუმრის რანგში კი მოწვეულნი იყვნენ იტალიელი რეჟისორ – დოკუმენტალისტი ჯან ფრანკო როზი და ამერიკელი რეჟისორი დარრენ არონოფსკი. არონოფსკი კერძო ვიზიტით საქართველოსაც ეწვია.
წლევანდელ კინოფესტივალზე ნაჩვენები იყო 27 ფილმი მსოფლიოს 9 ქვეყნიდან.
,,ოქროს გარგარი"– კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ივლისში, ერევანში იმართება. ფორუმზე 4 ძირითადი მიმართულებაა: საერთაშორისო სათამაშო და დოკუმეტური კინო, კონკურსი ,,სომხური პანორამა" და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა ,,გარგარის კურკა".
,,ოქროს გარგარი" 2004 წელს რეჟისორ – დოკუმენტალისტმა არუთუნ ხაჩატრიანმა, სცენარისტმა მიხეილ სტამბოლციანმა და კინოკრიტიკოსმა სუსანა არუთუნიანმა. ,,ოქროს გარგარის" ყოველი ფესტივალი იხსნება სომხეთის ტრადიციული სიმბოლო – გარგარით.