,,ექვთიმე ღვთისკაცი" ასპინძაში
ასპინძის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის ,,ექვთიმე ღვთისკაცი“-ს ჩვენება გაიმართა.
კულტურის ცენტრში შეკრებილ მაყურებელს, თავად ფილმი და მასში მონაწილე რამდენიმე მსახიობი ფილმის რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ წარუდგინა.
რეჟისორის განმარტებით, ფილმის გადაღება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის შექმნაში წვლილი 7 000–მდე ადამიანმა შეიტანა.
მთავარი როლი გერმანიაში მოღვაწე მსახიობმა, რეზო ჩხიკვიშვილმა შეასრულა, რომელიც სპეციალურად გადაღებებისთვის, თბილისში, რამდენჯერმე ჩამოვიდა.
სიუჟეტი, 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან.
სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.
საპრემიერო ჩვენებამ ასპინძაში სრული ანშლაგით ჩაიარა.
წყარო: ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია