ჯაბა ნათენაძე: ,,თვითმმართველობამ უნდა იმუშაოს ბიზნესთან"
,,ახალგაზრდობა ქალაქისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მთავრობას ავიწყდება გაითვალისწინოს ჩვენი სურვილები" – ასე იწყებს საუბარს მეცხრე არხთან ახალციხელი ლიკა ლომიძე.
ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენია, რადგან ახალციხეში, ახალგაზრდებს, გართობისთვის დიდი არჩევანი არ აქვთ. ახარებს, რომ მის ოჯახს აქვს შესაძლებლობა, თვეში ერთხელ მაინც, რომ გავიდნენ სხვა ქალაქში გასართობად:
,,დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს ქალაქში იყოს გასართობი ადგილები - კლუბები, კინო, საცურაო აუზი... ამაზე მარტო მე კი არა, ახალგაზრდების უმრავლესობა ოცნებობს. ორი წელია, რაც საბავშვო გასართობი ადგილები გაიხსნა, თუმცა ბავშვებისგან განსხვავებით ახალგაზრდებისთვის ასეთ ადგილი ახალციხეში არ მოიძებნება, რაც ძალიან მაწუხებს" – ამბობს ლიკა ლომიძე.
ლიკას მსგავსად, თავისი სურვილები და იდეები აქვს ჰასმიკ კირაკოსიანს. იგი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი და ამავდროულად ახალგაზრდული ცენტრის წევრია. სურს, რომ ახალციხეში, სხვა გასართობ ცენტრებთან ერთად, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდეს.
,,ყველამ იცის, რომ ახალციხეში გასართობი ადგილები ახალგაზრდებისთვის არ არის. ქალაქში მართალია, ბევრი კაფე და რესტორანია, მაგრამ არცერთი არ არის ლიტერატურული. ჩემთვის ეს პრობლემაა. დარწმუნებული ვარ, თუკი იარსებებს ლიტერატურული კაფე, სადაც მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, ბევრი ახალგაზრდა ივლის იქ"– ამბობს ჰასმიკ კირაკოსიანი.
ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა არის ახალციხის სომხური ახალგაზრდული და კულტურულ – საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციონირების ერთერთი მიზანი. ცენტრის ხელმძღვანელი ნანული ჰაკობიანი ამბობს, რომ მათთან მარტო სომეხი ახალგაზრდები არ დადიან.
,,გვაქვს ჭადრაკის, კომპიუტერული პროგრამების, ცეკვის, სიმღერის, უცხო ენების და ხელოვნებისთვის ცალკე საათები. პერიოდულად ვატარებთ ინტელექტუალურ თამაშებს, გვაქვს გაცვლითი პროგრამები, თუმცა რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის".
გამოკითხული ახალგაზრდები ამბობენ, რომ თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს სახლში, ტბაზე ან ახალციხის ცენტრალურ პარკში ატარებენ. ახალციხის ციხეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში სტუმრობენ, თუ კონცერტი ან სხვა საინტერესო ღონისძიება ტარდება, ისიც დაალოებით თვეში ერთხელ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდობა ჯავახეთის განვითარებისათვის" ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი თინათინ აკოფიანის აზრით, გასართობი ცენტრი გარკვეულ მიზნებზე ორიენტირებული უნდა იყოს.
,,ის არ უნდა იყოს მხოლოდ გართობისთვის განკუთვნილი ადგილი. გართობა ვისაც სურს, ის მაინც ერთობა ყველგან. გასართობ ცენტრში მიზანშეწონილია მოქმედებდეს სხვადასხვა მიმართულების კლუბები და წრეები. სამწუხაროდ, საცურაო აუზი ახალციხელი ახალგაზრდებისთვის დღემდე ოცნებად რჩება".
ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის მიმართულებით მუშაობს კიდევ ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირი". ჯაბა ნათენაძე ამბობს, რომ 14–25 წლამდე 200–მდე ახალგაზრდა საინტერესო თემების განხილვაში, ტრენინგებში (უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა და სხვა.), საკანონმდებლო და მცირე გრანტების პროგრამებში, ინტერკულტურული დღეების მომზადებასა და სხვა აქტივებობეში არის ჩართული. პროექტების კოორდინატორის აზრით,
,,მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას საინტერესო გარემო, თვითმმართველობამ უნდა იმუშაოს კერძო ბიზნესებთან, რათა ბიზნესმენი მოტივირებული იყოს გასართობი ცენტრების გახსნაში".
ახალციხის მერი კი აცხადებს, რომ პრობლემა ცნობილია, აქვს მისი გადაჭრის გეგმაც, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს. ზაზა მელიქიძე აღნიშნავს, რომ მომავალი წლიდან ქალაქში ბევრი რამ შეიცვლება.
,,გასართობი ადგილების პრობლემა ახალციხეში მრავალი წელია არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემა ჩვენთვის აქტუალობას არასდროს კარგავს. მაქვს კონკრეტული გეგმა და ჩემთვის ეს თემა მეტად მნიშვნელოვანია, ამ გეგმის მოწოდება კი მოხერხდება 2019 წელს. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ახალგაზრდების ოცნებები შევასრულოთ".