ახალციხის ციხეზე რეწვის ფესტივალი გაიმართება
14 სექტემბერს, ახალციხის ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიხსნება კონცეპტუალური გამოფენა "თავის უფლება".
ტრადიციული რეწვის ასოციაცია და G'Crafts Museum ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ახალციხის ციხე-რაბათის ტერიტორიაზე 14-16 სექტემბერს ღონისძიებას გამართავს.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები: ღია მასტერკლასები - კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, ფილიგრანი, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და მოწვეული ოსტატები; ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან - თურქეთი, ლატვია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი. ოსტატების სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის.
ფესტივალის ფარგლებში მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის და უნიკალურ გამოფენას - „XIX-XX საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში“, სადაც წარმოდგენილი იქნება მუზეუმის არქივში არსებული ძველი სახელოსნოების ფოტომასალა, ასევე გამოფენილი იქნება ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული მაკეტები.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია; ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა; სახელოსნოების ინსიტიტუციის აღდგენის ხელშეწყობა; ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და ვიზიტორების მოზიდვა.