ახალციხეში სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სკოლა დანგრევის პირასაა. სასწავლებლის შენობას სარემონტო სამუშაოები 80–იანი წლების შემდეგ აღარ ჩატარებია.
მშობლები ნაგებობის რეაბილიტაციას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ბავშვები სასწავლებელში აღარ გაუშვან.
ისტორიული შენობის საკლასო ოთახები, შიდა ინტერიერი, პედაგოგთა კაბინეტები და დიდი და პატარა საკონცერტო დარბაზები დაზიანებულია.
მეცხრამეტე საუკუნეში, ორბელიანების მიერ აშენებულ შენობაში სულხან ცინცაძის სამუსიკო სკოლა 1962 წელს განთავსდა. სკოლა ამჯერად ამორტიზებული და ავარიულია. შენობაზე წარმოქმნილი ბზარები გაიზარდა და სასწავლო პროცესისთვის საშიში გახდა.
მოსაწესრიგებელი გარე ფასადი, გაუქმებული აივანი, გათბობის პრობლემა საკლასო ოთახებსა და დარბაზებში, წვიმისგან დაზიანებული კედლები და მუსიკალური ინსტრუმენტები, გაუქმებული ოთახები. ახალციხის სამუსიკო სკოლაში მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ქალაქში არსებულ ერთადერთ სკოლაში, სადაც კლასიკური მუსიკა ისწავლება, რეაბილიტაციას წლებია ელოდებიან.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ,,მეცხრე არხი"–სთვის მიცემულ ინტერვიუში სკოლის დირექტორი რთულ პირობებზე საუბრობდა. ცისანა ახვლედიანის თქმით, მას მერე მხოლოდ სახურავი შეიცვალა და ფანჯრები გამოიცვალა.
,,თითქმის ყველა მხრიდან ჩამოდის წყალი, ვცდილობთ, რომ გადავარჩინოთ ძვირადღირებული ინსტრუმენტები, რადგან მათი შეძენა ჩვენ ძალებს აღემატება“.
სამუსიკო სკოლაში ამ დროისათვის 200–მდე ბავშვი სწავლობს. რთული პირობების მიღწევა ქვეყნის მასშტაბით არ უჭირთ, დაფინანსების უქონლობის გამო მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსებში ვერ მონაწილეობენ. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად მოზარდები მხოლოდ საკლასო ოთახებში მეცადინეობით იფარგლებიან. რადგან დარბაზები გაზაფხულის ბოლომდე იკეტება. ჭერიდან ჩამოსული წყლით დაზიანებულია როიალი.
,,საახალწლო ღონისძიება რომელიც გვაქვს, ვცდილობთ, რომ არ გავაცდინოთ, რადგან ბავშვებს ეს სიამოვნება მაინც არ დავუკარგოთ. აი, ჩემ კაბინეტში რაც დაეტევა, გაგვაქვს ავეჯი და რამდენი ბავშვიც ეტევა, ვდილობთ, რომ საზეიმო ელფერი მივცეთ“ – აღნიშნავს სამუსიკო სკოლის დირექტორი.
პირობების გაუმჯობესების შესახებ დაპირებას სამუსიკო სკოლა თითქმის ყველა მმართველისგან იღებს. ახალციხის მერი აცხადებს, რომ 2019 წლისთვის შემუშავდება პროექტი, რომელიც შენობის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. ზაზა მელიქიძის განმარტებით,
,,მერია შენობის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რომელიც პირველადი გათვლებით 700 – 800 ათას ლარს საჭიროებს. ჯერ გარკვეული არ არის თანხა საიდან დაიხარჯება – ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან“.
სამუსიკო სკოლა ორბელიანების ყოფილ სასახლეში 63 წელია ფუნქციონირებს. ისტორიულილ წყაროების მიხედვით, აზნაურმა ორბელიანებმა მისი აგება ფრანგ არქიტექტორებს დაუკვეთეს. იოსებ ორბელიანმა შენობა 1829–30 წწ იმ დროისათვის ახალციხელებისთვის სანიმუშოდ ააშენა. მან ამით მიწურბინიან სახლებში მცხოვრებ ადგილობრივებს აჩვენა, როგორი იყო შენობის ევროპული სტილი.
ისტორისკოსი რეზო ანდღულაძე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა საცხოვრებელი სახლების შენობის ეს სტილი ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ ამ შენობაში წყდებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები, აქედან იმართებოდა წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
,,1837 წლის ოქტომბერში, როდესაც ჩამობრძანდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი, იმდენად გამოსაჩენი სახლი და იმ პერიოდისათვის იმპერატორის შესაფერისი შენობა იყო, რომ მან სამი ღამე გაათია იქ. ასევე 20 წლის შემდეგ, როდესაც მეორე იმპერატორი იყო ჩამობრძანებული, მანაც ისურვა მხოლოდ და მხოლოდ ორბელიანების სასახლეში გაეთია ღამე“ – განმარტავს რევაზ ანდღულაძე.
1919 წლიდან ოსმალების შემოსევის შემდეგ ორბელიანების სასახლე გაიძარცვა. დაკარგულია ძვირფასი ნივთები და იოსებ ორბელიანის პირადი ბიბლიოთეკა. 1921 წლიდან კომისარმა ჟლობამ შენობაში რაიკომი და აღმასკომი განათავსა. მუსიკალური სკოლა ორბელიანების სახლში 1955 წელს დაფუძნდა. 1970–იანი წლებში შენობა სკოლის მოთხოვნების მიხედვით გადაკეთდა და მისი პირვანელი სახე დაიკარგა. კულტურული და ისტორიული ღირებულებების მიუხედავად, შენობას ამ დრომდე არ გააჩნია სტატუსი.
,,თუ დაგვიმტკიცებენ ზემდგომი ორგანოები, რომ სკოლა არის ისტორიული მნიშვნელობის, შეიძლება უფრო მოგვხედონ და ისეთი ელფერი მისცენ, რაც ეკადრება“ – აღნიშნავს ცისანა ახვლედიანი.
ვიდრე კულტურის სამინისტრო ახალციხის სამუსიკო სკოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე შენობის მდგომარეობა საზოგადოებისთვის ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება.