კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი’’ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მწერლები, ფოლკლორისტები, მეცნიერები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
წიგნში თავმოყრილია მესხური ფოლკლორი მე-19 საუკუნიდან დღემდე და აერთიანებს, როგორც დღევანდელი სახალხო მთქმელების პოეზიას, ასევე აშუღური პოეზიის ნიმუშებს. წიგნის შექმნის მიზნით, სამცხე-ჯავახეთში მცირე საველე ექსპედიციები ჩატარდა. შედგა შეხვედრები სოფლის უხუცეს და ფოლკლორით დაინტერესებულ ადამიანებთან. შეგროვდა საქართველოს მუზეუმებში, სხვადასხვა არქივში, უმაღლესი სასწავლებლების ფოლკლორის განყოფილებებში, ქართულ პერიოდულ გამოცემებსა და წიგნად ფონდებში მოძიებული მასალები.
პროექტის ავტორი გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქტორი ავთანდილ ბერიძეა.
„მესხური ფოლკლორის“ გამოცემა მიზნად, ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურის შევსებას, მესხური ფოლკლორის გადარჩენასა და მის პოპულარიზაციას ისახავდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი განკუთვნილია, როგორც სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ასევე სტუდენტებისა და ფოლკლორით დაინტერესებული ადამიანებისთვის.