საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, სამცხე-ჯავახეთში მდებარე ძეგლებზე, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ეტაპობრივი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა. იგი ვარძიას ეწვია და ძეგლზე განხორციელებული სამუშაოები მოინახულა. 2015 წელს, სამონასტრო კომპლექსზე ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რის შედეგადაც გამოვლინდა ორი ახალი იარუსი (ათი გამოქვაბული, აქედან ორი დარბაზული ტიპის და სამეურნეო დანიშნულების ოთახები), ჩატარდა კლდის გამაგრებითი სამუშაოები, ნაშალი ქვისგან გაიწმინდა სამრეკლოს და „საპატარძლოს“ მიმდებარე ტერიტორია.
დამთვალიერებელთა უსაფრთხოების მიზნით, გაკეთდა ქვის დამჭერი ბადე, მოეწყო ინფრასტრუქტურა და დასრულდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ (ლონდონის კურტოს ინსტიტუტი) ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრობის წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები. 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა მეტეო და სეისმო სადგურები, რომელიც 2015 წელს დამონტაჟდა და მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.
სამცხე – ჯავახეთის რეგიონში, ეტაპობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ასევე თისელის ეკლესიაზე, საფარისა და შორეთის სამონასტრო კომპლექსებზე.