ახალციხე საახალწლოდ, დაახლოებით 46 300 ლარის ფარგლებში მოირთვება. აღნიშნულისათვის ადგილობრივ თვითმმართველობაში სამზადისი უკვე დაწყებულია.
ქალაქის მორთვისთვის, შემსრულებელი კოპანია ელექტრონული ტენდერის მეშვეობით გამოვლინდა. განსაზღვრული თანხის ფარგლებში ინდ.მეწარმე ამირან ნოზაძემ პასუხისმგებლობა კოსტუმირებული საახალწლო ღონისძიების, ახალციხის ქუჩების, ცენტრალური პარკის, სკვერებისა და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვაზე აიღო.
როგორც მერიაში განმარტავენ, წელს პირველად ქალაქში დაიდგმება მანათობელი ლითონის კონსტრუქციები: ანგელოზის, ვარსკვლავების, ეტლის, ცხვრების, ნაძვის ხეებისა და ირმების გამოსახულებით. მანათობელი ბურთებით, ზარებით, ვარსკვლავებითა და ფიფქებით მოირთვება ქალაქის ცენტრალურ პარკში ბუნებრივი ნაძვის ხე.
პარკთან და ქუჩებთან ერთად მოირთვება შოთა რუსთაველის ძეგლთან და იუსტიციის სახლთან არსებული სკვერები.
საახალწლო დღესასწაული პატარებისათვის 31 დეკემბერს 15:00 საათზე დაიწყება. ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ზღრაპრის გმირის კოსტუმირებული წარმოდგენა გაიმართება, რის შემდეგაც, 500–მდე ბავშვს საჩუქარი დაურიგდება. მანამდე კი 28 დეკემბერს მსგავსი წარმოდგენა მეშვიდე საჯარო სკოლაშიც იგეგმება.
საახალწლო მორთულობა ქალაქში 20 დღის განმავლობაში დარჩება.