,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეს ტიტული და ორი პირველი ადგილი–შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის მოზეპირეთა შორის დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი გაიმართა. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ანრო ცირეკიძე და თემურ ხუციშვილი ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა თავიდან ჟიურის მიერ შერჩეულ სტრიქონებს ზეპირად ჰყვებოდნენ.
საბოლოოდ, შეჯიბრი თანაბარი შედეგით დასრულდა. 7 კაციანმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორები შედიოდნენ, ბრძოლას თანასწორი უწოდეს.
შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად, კონკურსში დარეგისტრირტება მსურველებს მიმდინარე წლის 2 მარტიდან 4 დეკემბრამდე შეეძლოთ.
დღეს დასკვნით ეტაპზე თავდაპირველად ასპარეზობა 3–მა მოზეპირემ დაიწყო, მათგან ორი იმერეთის რეგიონიდან, ერთი კი მესხეთიდან იყო. ერთ–ერთი მონაწილე კონკურსს თავიდანვე გამოეთიშა, რადგან მან ჟიურის მიერ წამოწყებული სტრიქონი ვერ გააგრძელა.
პირველი ადგილის მფლობელებს ფულადი ჯილდო 1000 – 1000 ლარი გადაეცათ.
,,ვეფხისტყაოსნის“ მოზეპირეთა კონკურსი სამცხე–ჯავახეთის უნივერტეტმა პირველად 1999 წელს ჩაატარა.