ახალციხის მერია დეკემბრის დასაწყისში ღონისძიებას გეგმავს. „შემოდგომის ახალციხე“ – ამ სახელწოდებით, კონცერტი, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეტრში, ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, 6 დეკემბერს გაიმართება. საათნახევრიანი ღონისძიებისთვის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ელექტრონული ტენდერი 9 573 ლარზე გამოაცხადა.
მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კონპანიამ – შპს ,,NEWNESS“-მა მიიღო, რომელიც 9 400 ლარად ახალციხეში ზურაბ დოიჯაშვილს, ქუჩის ბიჭებს, ეკა თევზაძეს, ტატო გოდერძიშვილსა და ზურაბ კობეშავიძეს ჩამოიყვანს. როგორც მერიაში განმარტავენ, საღამოს ძირითადი წამყვანი ზურაბ დოიჯაშვილი იქნება, ხელშეკრულების მიხედვით, მან კონცერტზე 12 სიმღერა უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე გაჟღერდება ფოლკლორული ანსამბლის – ,,მესხეთის“ სიმღერებიც. მერის მოადგილე, ზაზა თამარაშვილი, ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, რომ ღონისძიება წინასწარ დაგეგმილი იყო და იგი რაიმე კონკრეტულ თარიღს არ ეძღვნება.