,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გახდა. სახელმწიფო ნუსხას კიდევ ერთი ძეგლი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით შეემატა. შესაბამის ბრძანებას სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ხელი დღეს, 1 ოქტომბერს მოაწერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.მათი თქმით, პროექტმა, რომელიც უმაღლესი დაწესებულების ფილოლოგიის სპეციალობის შვიდმა სტუდენტმა და მეცნიერებათა დოქტორმა, ნესტან სულავამ მოამზადეს, მოწონება დაიმსახურა. სამომავლოდ, სტუმრები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ.