ხალხური სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ლექსები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული სანახაობა –ასპინძის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული იზეიმეს. “შოთაობა” 26 სექტემბერს, , ვარძიაში გაიმართა. ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყო. მაყურებლის წინაშე საკუთარი რეპერტუარით ბენდი “ნალი”, ტრიო „ჰარმონია“ და ანსამბლი „თილისმა“ წარსდგნენ. დღესასწაულს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტიც დაესწრო. მეუფე თეოდორემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
დღესასწაულზე გამოვლინდნენ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები, რომელიც ადგილობრივი გაზეთის „ლიტერატურული მესხეთის“ რედაქციამ ორი თვით ადრე გამოაცხადა. აღნიშნულ კონკურსში პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა გაიმარჯვა.
ღონისძიების პარალელურად, სხვადასხვა სახეობაში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები. მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა. ტრადიციულად, ვარძიის ტერიტორიაზე დაიდგა ფაცხები, სადაც მსურველებს მესხური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
სახალხო დღესასწაულს ორგანიზება ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაუწია. ღონისძიებისათვის თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო. „შოთაობას“ მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციურმა პარტიამ დღესასწაული სოფელ რუსთავში იზეიმა. ამის მიზეზად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი არგუმენტები დაასახელა. მათი თქმით, „შოთაობა“ რუსთავში უნდა აღინიშნებოდეს, რადგან რუსთველის სამშობლოდ სწორედ ეს ადგილი მიიჩნევა . შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაულს საფუძველი, 1966 წელს ჩაეყარა. თუმცა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, „შოთაობას“ აღარ ზეიმობდნენ. 2008 წლიდან გაზეთ ”ლიტერატურული მესხეთის” ინიციატივითა და ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟით, სახალხო დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია აღდგა.