ასპინძის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება. “შოთაობა” 26 სექტემბერს, ტრადიციულად, ვარძიაში გაიმართება. კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაკა ბერიძის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ბენდი “ნალი” გახსნის.
13:00 საათზე ღონისძიების ძირითადი ნაწილია დაგეგმილი, რა დროსაც მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგებიან.
გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” რედაქტორი ავთანდილ ბერიძე კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. ლიტერატურული კონკურსი – პოეზიაში რედაქციამ ორი თვით ადრე გამოაცხადა. გამარჯვებული გამოვლინდება, ასევე, ნომინაციაში – “მესხური თემატიკა”.
პარალელურად, გაიმართება სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში. მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატთა და შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.
ტრადიციულად, ვარძიის ტერიტორიაზე დაიდგმება ფაცხები, სადაც მსურველებს მესხური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცემათ.
რაც შეეხება ღონისძიებებისთვის გამოყოფილ თანხას, გამგეობაში განმარტავენ, რომ სახალხო დღესასწაული ორგანიზებული და დაფინანსებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ, თუმცა, კონკრეტულად რამდენი ლარი იხარჯება “შოთაობისთვის” უცნობია. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში განმარტავენ, რომ ხელშეკრულებები ისევ ფორმდება, ამიტომ თანხის დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია.