შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი იქმნება. პროექტი „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა“ ჭიათურელი მაია ტყემალაძის მიერ, ადგილობრივი გამგეობის კულტურის სამსახურისა და თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.
მასში ჩართვა ნებისმიერ წერა–კითხვის მცოდნეს შეუძლია. მესხეთში ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნის” შესაქმნელად მასალა ციური მესხიშვილმა ჩამოიტანა.
“ვეფხისტყაოსნის” ერთი სტროფი გადაწერა მესხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმაც. მერაბ ბერიძის თქმით, კომპიუტერის ეპოქაში წიგნის ხელნაწერად ქცევა ახალი და განსაკუთარებული მოვლენაა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის მმართველმაც. ციური ლაფაჩის თქმით, “ვეფხისტყაოსანი” ქართველებისთვის სამაგიდო წიგნია, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია.
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ სტრიქონებს შორის ადგილი დაიკავა ახალციხის „მეცხრე არხის“ დირექტორის ხელით გადაწერილმა სტროფმაც. მაია იველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მესხი პოეტის უკვდავი პოემის გადაწერაში მონაწილეობას სამცხე–ჯავახეთიდანაც იღებენ.
“ვეფხისტყაოსნის” სტროქონების ხელით გადაწერის პროცესში გაჩნდა იდეა, რომ ანალოგიური სახის პროექტი მესხეთშიც განხორციელდეს. დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა ხელით კიდევ ერთხელ გადაიწერება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.