კულტურა
იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა
„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!“ – აღნიშნულია გრძელიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო. ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.
პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.
იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერისა და პალიმფსესტის საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო.
,,დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა.
ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ" - წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე.
გააზიარეთ :