ქალაქში არსებულ ერთადერთ სკოლაში, სადაც კლასიკური მუსიკა ისწავლება, რეაბილიტაციას წლებია ელოდებიან. მეცხამეტე საუკუნეში აგებულ შენობას სარემონტო სამუშაოები მხოლოდ ერთხელ, 35 წლის წინ ჩაუტარდა.
მოსაწესრიგებელი გარეფასადი, გაუქმებული აივანი, ამორტიზებული სახურავი, გათბობის პრობლემა საკლასო ოთახებსა და დარბაზებში, წვიმისგან დაზიანებული კედლები და მუსიკალური ინსტრუმენტები, გაუქმებული ოთახები – ახალიციხის სამუსიკო სკოლაში მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
სამუსიკო სკოლაში, ამ დროისათვის 200–მდე ბავშვი სწავლობს. რთული პირობების მიუხედავად, წარმატების მიღწევა რესპუბლიკის მასშტაბით არ უჭირთ. დაფინანსების არქონის გამო, მოსწავლეები საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას ვერ იღებენ. ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, ახალგაზრდები მხოლოდ საკლასო ოთახებში მეცადინეობით შემოიფარგლებიან, რადგან სკოლის დარბაზები გაზაფხულის ბოლომდე იკეტება.
პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, დაპირება სამუსიკო სკოლის ადმინისტრაციამ არაერთი მმართველი პირისგან მიიღო. ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე შენობის სახურავის გამოცვლა დაიწყება. შემდეგი ეტაპი ფანჯრების მოწესრიგებაა.
სამუსიკო სკოლა ამ შენობაში 61 წელია ფუნქცონირებს. იგი ორბელიანების ყოფილი სასახლეა. ისტორიული წყაროების მიხედვით, აზნაურმა ორბელიანებმა მისი აგება საფრანგეთიდან მოწვეულ არქიტექტორებს დაუკვეთეს. იოსებ ორბელიანმა შენობა 1829–30 წლებში, იმდროინდელი ახალციხელებისთვის სანიმუშოდ ააშენა. მან ამით, მიწურბანიან სახლებში მცხოვრებ ადგილობრივებს აჩვენა, როგორი იყო შენობის ევროპული სტილი. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა ერთობლივი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე. ორბელიანების ყოფილი სასახლე გამორჩეულია იმითაც, რომ სწორედ აქ წყდებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები, აქედან იმართებოდა წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
1919 წლიდან ოსმალების შემოსევის დროს ორბელიანების სასახლე გაიძარცვა. დაკარგულია ძვირფასი ნივთები და იოსებ ორბელიანის პირადი ბიბლიოთეკის წიგნები. 1921 წლიდან კომისარმა ჟლობამ აქ რაიკომი და აღმასკომი განათავსა. მუსიკალური სკოლა ორბელიანების სახლში 1955 წლიდან დაფუძნდა. 1970–იან წლებში რეაბილიტაციისას შენობა სკოლის მოთხოვნების მიხედვით გადაკეთდა და მისი პირვანდელი სახე დაიკარგა. მიუხედავად კულტურული და ისტორიული ღირებულებისა, შენობას ამ დრომდე არ გააჩნია სტატუსი.
ვიდრე კულტურის სამინისტრო ახალციხის სამუსიკო სკოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე შენობის მდგომარეობა საზოგადოებისთვის ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.