ბორჯომში საუკუნის წინ გადაღებული ერთ-ერთი პირველი სელფი გააცოცხლეს
ერთ-ერთი პირველი სელფი მსოფლიოში, ანასტასია რომანოვამ ბორჯომში
გადაიღო. მამისათვის გაგზავნილ წერილში კი აღნიშნა: "საკუთარ თავს
სარკეში ეს სურათი გადავუღე. ძალიან რთული იყო, რადგან ხელები
მიკანკალებდა".
სწორედ ამ კადრის გაცოცხლებას შეეცადა დღეს, 25 იანვარს 35 რუსი და
უკრაინელი ფოტოგრაფი რომანოვების სასახლეში.
გადაღებები ფოტოგრაფ მარინა კარპის ფოტო–ტურის ფარგლებში კომპანია
"ჯეოტურისტის" ორგანიზებით მოეწყო.
მომდევნო დღეებში გადაღებები გათვალისწიებულია სხვა ლოკაციებზეც.
ბორჯომის ცენტრალური პარკი, გოგირდოვანი აბანოები, კუკუშკა, ეიფელის
ხიდი, დიდველი, კოხტა-მიტარბი, სოფელი ტაბაწყური ის ადგილები იქნება,
რომლებიც ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდება.
სიუჟეტებს მოამზადებენ რუსული ტელეკომპანია "ოერტე" და უკრაინული
ტელეკომპანია "ინტერი". ფოტო–ტურს გადაცემა დაეთმობა ქართულ
არხებზეც.
პროექტი 24 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდება.
ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ფოტო–ტური ზამთრის პირველი ტურია
საქართველოში, რომელიც რიგით მეშვიდე საერთაშორისო ერთობლივი პროექტის
ფარგლებში მოეწყო.
ტური ბორჯომის მუნიციპალიტეტის აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით
ხორციელდება.