მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) ასპინძის სოფელ საროში დარბაზის ტიპის სახლების რეაბილიტაციას აპირებს.
იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "მეცხრე არხს" განუმარტეს, რომ ამ დროისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
საროს მესხური დარბაზების დიდი ნაწილი დაზიანებულია. მის აღსადგენად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, MDF-ი დაახლოებით 2 მლნ 300 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
სარო ასპინძის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1480 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი სამცხისა და ჯავახეთის ისტორიული საზღვარია.
სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები ადასტურებს, რომ აქ ცხოვრება ძვ.წ. III ათასწლეულიდან დაიწყო.
"დარბაზი" როგორც გლეხის საცხოვრებლის სახელწოდება წერილობით წყაროებში პირველად XVIII საუკუნიდან გვხვდება. არსებობდა ორნაირი დარბაზული სახლი: ერთთვალიანი (დიდი ზომის, წინ დერეფნით) გავრცელებული იყო ქართლ-კახეთში, კომპლექსური, "მოდარბაზული" კი - სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთში, სადაც ყველა საცხოვრებელი სამეურნეო სათავსოები ერთ ჭერქვეშ ჰორიზონტალურად იყო განლაგებული.დარბაზული სახლის მთავარი თავისებურება გვირგვინიანი გადახურვა იყო. გვირგვინი ხის მრავალსაფეხურიან გუმბათს წარმოადგენდა, რომელიც საშუქე და ბოლის ასასვლელი პატარა ერდოთი მთავრდებოდა. დარბაზული სახლის შუაში კერა იყო გამართული, მის თავზე კი - აყარი.
D