ბაკურიანში საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკის მოწყობა იგეგმება
დაბა ბაკურიანში წრიული საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკი მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ბილიკი ბაკურიანის ცენტრში, სამანქანო გზის გასწვრივ გაკეთდება.
პროექტის მიხედვით, ბილიკის საერთო სიგრძე 2 750 მეტრია, ხოლო სიგანე - 2,5 მეტრი. მისი ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნება ველოსიპედით გადაადგილებისთვის, აგურისფერი საღებავით შეიღებება და ამ გზით ბილიკის დანარჩენი ნაწილისგან იქნება გამოყოფილი.
ასევე გათვალისწინებულია 8 ადგილას ბილიკის გაფართოება მოსასვენებელი სივრცის მოსაწყობად, რაც საჩრდილობლის, საპარკო სკამების, ნაგვის ურნებისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს. ნაგვის ურნები განთავსდება ბილიკის მთელ პერიმეტრზეც.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია არსებული 27 ელექტრო ბოძის გადატანა და 11 ახალი ბოძის მონტაჟი.
აღნიშნული წრიული გზის გასწვრივ განთავსებულია რამდენიმე სასტუმრო და კოტეჯი. ბილიკის მოწყობა ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით გადაწყდა.
ბილიკის მოწყობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში აფინანსებს, რომელსაც დონორობას მსოფლიო ბანკი უწევს.
ბილიკის მოსაწყობად დაახლოებით, 902 000 ლარი დაიხარჯება.