14 თებერვალს შეყვარებული წყვილები "ვალენტინობას" ზეიმობენ
14 თებერვალს მსოფლიო ვალენტინობას ზეიმობს.
დღესასწაული მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები, ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ყვავილებსა და რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს ჩუქნიან
მისი აღნიშვნა სათავეს ძველი რომიდან იღებს, სადაც 14 თებერვალს ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული აღინიშნებოდა .
494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა ლუპერკალიის აღნიშნვა აკრძალა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით, რომელიც 269 წელს რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა, 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო.
ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. ამიტომაც ქორწინება აკრძალა, ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა.
გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.
269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული.
წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა.