სამხარეო ადმინისტრაციაში კულტურის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2018 წელს რეგიონის კულტურის პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ პირველი სამუშაო Skype-კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია კულტურის სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის შედგა.
სამხარეო ადმმინისტრაციის ინფორმაციით, Skype-კონფერენციას კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გაუძღვა. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების გამგებლის მოადგილეები და კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციისა და შეხვედრების შედეგად, გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი - „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტის განხორციელების მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და 2017 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „კულტურის სტრატეგიის უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა 2017-2018“, რომელიც კულტურის სფეროში, ყველა სამთავრობო უწყების მიერ დაგეგმილ აქტივობებს განსაზღვრავს .
როგორც Skype-კონფერენციაზე აღინიშნა, აუცილებელია მუნიციპალიტეტების ჩართულობით რეგიონის კულტურის სტრატეგიის შესაბამისი ს მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებაც. აღნიშნულის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებთან რეგიონის კულტურის 2018 წლის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. თანამშრომლობა მოიცავს კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა პრიორიტეტების განსაზღვრა, სამოქმედო გეგმის ფორმატი, მისი შემუშავების მეთოდიკა და პროცესი.