საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხერთვისის ციხე–სიმაგრის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს შემდეგს:
- ციხის მიმდებარედ, ასპინძა-ვარძიის ავტომაგისტრალზე, ორი სამგზავრო ავტობუსისა და ხუთი ავტომანქანისათვის ავტოპარკინგი მოეწყობა. იქვე დაგეგმილია გამწვანებული კუთხის მოწყობა მოსასვენებელი სკამებითა და გარე განათებით, საპირფარეშოებით;
- მოწესრიგდება საფეხმავლო გზა ავტოპარგინგიდან ქვედაციხის კარიჭის შესასვლელამდე - გათვალისწინებულია გზის საფარის მოწყობა გარემოსთან თავსებადი, კომბინირებული გადაწყვეტით. სხვადასხვა მონაკვეთებში ბეტონის საფარი, ბუნებრივი ნატეხი ქვით მოიკირწლება.
- მოხდება ხერთვისის ციხის უნიკალური კარიბჭის რესტავრაცია-კონსერვაცია და მის მიმდებარედ არსებული შენობების რეაბილიტაცია. ერთ მათგანში საინფორმაციო ცენტრი განთავსდება, მეორე შენობაში კი ციხის ადმინისტრაცია. შენობები ტრადიციული ბანური სისტემით გადაიხურება. ქვედაციხის ტერიტორიაზე, საპროექტო შენობებს შორის მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ბაქანი.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 770 973 ლარია. ხერთვისის ციხე–სიმაგრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება სავარაუდოდ, 2017 წლის მაისიდან დაიწყება და 2018 წლის მარტის თვეში დასრულდება.
ხერთვისის ციხე ასპინძა-ვარძიის გზაზე, მდინარეების მტკვრისა და ფარავნის შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 1 125 მ-ზე მდებარეობს. შუასაუკუნეების ციხე–სიმაგრე მოქმედი იყო მთელი ფეოდალური ხანის მანძილზე. ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ციხე შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით მარაგდებოდა.