ვარძიის მიმდებარე ტერორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
სამუშაოები სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისის თვეში დაიწყება.
პროექტის მიხედვით, ვარძიის კომპლექსის ძირში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი მოეწყობა, სადაც საგამოფენო სივრცე, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი და დამხმარე ოთახები განთავსდება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს არსებული საპირფარეშოების რეაბილიტაციასაც. იგეგმება პარკინგის გაფართოება, ვაზის იშვიათი ჯიშების მოსაყვანად რეგიონისთვის დამახასიათებელი ტერასების მოწყობა და მტკვარზე გადასასვლელი ხიდიდან, სოფელ მირაშხნის მიმართულებით, გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
"მეცხრე არხის" მიერ ფონდიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, პროექტი ერთწლიანია და სავარაუდოდ 2018 წლის მაისის თვეში დასრულდება.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში იგეგმება.