MDF-ი აბასთუმანში ხის სახლების რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში ხის სახლების რეაბილიტაციას გეგმავს.
დაბის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, შერჩეული ისტორიული სახლების აღდგენა რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ მონაკვეთზე მოხდება. ასევე დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც პარკის, ტროტუარების, გაზონების, გარეგანათების, დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ტენდერი ჯერ არ გამომოცხადებულა. "მეცხრე არხის" მიერ MDF-იდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი მიმდინარე წლის 30 ივნისია. პროექტი ორწლიანია და სავარაუდოდ 2019 წლის მაისის თვეში უნდა დასრულდეს.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში განახორციელებს.