ახალციხეში "რუსთაველის დღეებს" კულტურის მინისტრი დაესწრება
15-16 მაისს, ახალციხეში, შოთა რუსთაველის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნება.
15 მაისს, 14:00 საათზე, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს "ვეფხისტყაოსნის" სტროფების გადაწერაში.
პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი "ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით "იმოგზაურებს". 21-ე საუკუნის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.
ქ. ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე მოეწყობა კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, სხვადასხვა ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსნის" თარგმანებისა და სომხურ ენაზე გამოცემული ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები; მხატვარ ქეთი მატაბელის, ახალგაზრდა მხატვრების და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა და საჯარო სკოლებში ღია გაკვეთილები თემაზე - რუსთაველი ლადო გუდიაშვილისა და სერგო ქობულაძის შემოქმედებაში.
მოეწყობა მეცნიერების (რუსთველოლოგების) შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ სტუმრებთან; შოთა რუსთაველის თემატიკაზე გაიმართება სემინარი და ინტერაქციის რეჟიმში შედგება დიალოგი მკითხველთან.
ღონისძიება ფოლკლორული ანსამბლის "მესხეთი" და მომღერალ ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდება.
ქ. ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პროექტის "მრავალფეროვანი საქართველო" ფარგლებში იმართება, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. ადგილობრივ ბიბლიოთეკებს საჩუქრად სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებიც გადაეცემა.