სოფელ წყორძაში ეკლესიის საძირკველთან დაგებულ გზას მშენებელი კომპანია უკანვე აიღებს.
შპს "ასტორიას" დირექტორი მალხაზ მანველიშვილი არ უარყოფს, რომ პროექტი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთებას არ ითვალისწინებდა და ასფალტი კომპანიამ თვითნებურად დააგო.
"გზა, რომელიც უნდა გაკეთებულიყო, ტაძართან გადიოდა, გადავწყვიტეთ ეკლესიის ეზოც გაგველამაზებინა, ეკალ–ბარდები მოვჭერით, ნაგავი გავიტანეთ და ასფალტი დავასხით. ვფიქრობდი, რომ კეთილი საქმე გავაკეთე. საკუთარი ხარჯებით არაერთ ტაძარს დავხმარებივარ და მინდოდა ამ ეკლესიითვისაც რაიმე გამეკეთებინა. ბოდიშს ვუხდი მთელ საქართველოს. როგორც დავაგე, ისე ავიღებ ასფალტს და გავიტან" – განუცხადა "მეცხრე არხს" კომპანიის დირექტორმა.
მალხაზ მანველიშვილის თქმით, სააგენტოს წარმომადგენლების ჩამოსვლას დაელოდებიან, მათ მითითებებს მოისმენენ და ასფალტის საფარს მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხსნიან.
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში "მეცხრე არხს"
განუმარტეს, რომ ახალციხის გამგეობა გაფრთხილებული იყო, ეკლესიის მიმდებარედ, მძიმე ტექნიკას არ ემუშავა.
გამგეობის ინფორმაციით, სოფელ წყორძაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 261 000 ლარით ფინანსდება.