საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, რეგიონულ ტურნეს მართავს, რომლის ფარგლებში ახალქალაქში, 19 მაისს, გამოფენა მოეწყობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთების, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდოს – თამარ მეფის ორდენის, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალების, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუციის, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალების და სხვა საინტერესო ნივთების დათვალიერება ქ. ახალქალაქში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.
ახალქალაქის გარდა, უნიკალური ექსპოზიცია 11-დან 22 მაისამდე საქართველოს 8 ქალაქში ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, თელავსა და მარნეულში იმოგზაურებს.